საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი
საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი

საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე პროკურორები ახალ წევრებს აირჩევენ. კანდიდატთა ასარჩევად პროკურორთა კონფერენცია უკვე მიმდინარეობს.

საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა წევრებმა ნათია სონღულაშვილი და გიორგი გაბოძე სხვა თანამდებობაზე გადაინიშნენ და ეს თანამდებობები კანონის მიხედვით საბჭოს წევრობისთვის შეუსაბამოა.

საბჭოში რვა წევრის კვოტა პროკურატურას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურებს ასახელებს მთავარი პროკურატურის საინიციატივო ჯგუფი და ასევე აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის პროკურატურის საინიციატივო ჯგუფი.

ორ ვაკანტურ ადგილზე სულ შვიდი კანდიდატია წარდგენილი.

იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელსაც მთავარი პროკურატურის საინიციატივო ჯგუფი ასახელებს წარდგენილი კანდიდატები არიან:

ნანა ხუნჯუა პროკურორი;
ანა კაპანაძე პროკურორი;
ანა ქობალია გამომძიებელი.

აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის პროკურატურის კვოტით წარდგენილი კანდიდატები არიან:

ნანა გუგუტიშვილი (პროკურორი);
ივანე კაკალია (პროკურორი);
ლევან ლაზარეიშვილი (ქვემო ქართლის საგამოძიებო ნაწილის უფროსი);
დავით ჯინჭველაძე (პროკურორი).

საპროკურორო საბჭოს ორ ახალ წევრს პროკურორთა კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

„მთავარი პროკურორის ბრძანებით, მოწვეულ იქნა პროკურორთა კონფერენცია. წარმოდგენილი იქნა შვიდი კანდიდატურა ჯამში, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. მას შემდეგ, რაც დასრულდება რეგისტრაცია, ყველა მათგანი გამოვა სიტყვით, რის შემდეგაც დაიწყება არჩევნები. ეს იქნება ფარული კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება, ვინც მიიღებს კონფერენციაზე წარმოდგენილი პროკურორებისა და გამომძიებლების ხმათა უმრავლესობას“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

საბჭოში საერთო ჯამში 15 კანდიდატია. მათგან რვას პროკურორთა კონფერენციაზე ირჩევენ. ორი მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აირჩევა, ოთხ წევრს პარლამენტი ირჩევს და მეთხუთმეტე წევრი საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრია.