საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს.

საპროკურორო საბჭოს წევრებს სამი კანდიდატიდან მოუწევთ არჩევანის გაკეთება –  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.

პროცედურის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია.

დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარი პროკურორის თანამდებობა აღნიშნული პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადადგა.