საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს
საპროკურორო საბჭოს წევრები გასაუბრების პროცესს დღეს განაახლებენ და ორ კანდიდატს – დავით კოდანაშვილს და სოფიო შენგელიას მოუსმენენ.
იურისტი დავით კოდანაშვილი 2013 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია, მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის პოზიციაზე, ასევე მუშაობის გამოცდილება აქვს ოფიციალურ უწყებებში, მათ შორის – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
რაც შეეხება გასაუბრებაზე დაბარებულ კიდევ ერთ კანდიდატს, სოფიო შენგელიას, ის გენერალური პროკურორობის კანდიდატად „კავკასიის უნივერსიტეტმა“ წარადგინა. შენგელია „კავკასიის უნივერსიტეტში“ სამართლის სკოლის დეკანია. 2009 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე ათ კანდიდატს მოუსმინეს. კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.