საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა.
დღეს, 14:00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით შეარჩევს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს.
კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
გენერალური პროკურორობის კონკურსში საერთო ჯამში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დღევანდელ კენჭისყრაზე სულ მცირე სამი კანდიდატი საბჭომ სწორედ დარჩენილი 15 კანდიდატიდან უნდა აირჩიოს.
ამის შემდეგ საპროკურორო საბჭო ფარული წესით გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.
„ყველა ადევნებდით თვალყურს საპროკურორო საბჭოს სხდომებს. პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში, ეს იყო სხდომები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალყურს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს. მოვუსმინეთ თითოეული მათგანის გამოსვლას, დავსვით შეკითხვები და მივიღეთ პასუხები. ახლა უკვე საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, თუ ვის მისცემს ხმას. ჩანიშნულია საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც ჩატარდება პირველი კენჭისყრა. შედეგად უნდა გამოვლინდეს სულ მცირე სამი კანდიდატი, სადაც დაცული იქნება გენდერული ბალანსი და ეს კენჭისყრა იქნება ფარული. ამის შემდეგ უკვე, ჩატარდება შემდგომი კენჭისყრა შერჩეულ კანდიდატებს შორის და ჯამში უნდა შეირჩეს ერთი კანდიდატი , რომელიც საპროკურორო საბჭოს მხრიდან წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.