საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიხედვით, ფრაქციის შესაქმნელად, პარლამენტის ექვსი წევრის ნაცვლად, შვიდი წევრი იქნება საჭირო. გარდა ამისა, უქმდება საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი და მოხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია. ასევე, პარლამენტის ის წევრი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, პარლამენტის უფრაქციო წევრად იწოდება.
ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა ცხრიდან სამამდე მცირდება.
„ეს ცვლილებები ინიცირებული არის იმიტომ, რომ მოხდეს რეგლამენტის თავსებადობა საქართველოს კონსტიტუციასთან. მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შესვლისთანავე, უნდა იყოს რეგლამენტი ისეთი, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონთან იქნება შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე შედის ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ეხება ვიცე-სპიკერების რაოდენობას, იცვლება ფრაქციათა დაკომპლექტების წესი. ამავდროულად, აღარ იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, საპარლამენტო სუბიექტები იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.