საპროცედურო საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ჯერ არც ერთ ოპოზიციონერს ოფიციალურად არ მიუმართავს
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის განცხადებით ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ მიუმართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განუცხადეს.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, კომიტეტს მიმართვა არ მიუღია არც „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისგან და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან.
ამასთან, კომიტეტში განმარტავენ, რომ პარლამენტის წევრის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ კომიტეტს 15-დღიანი ვადა აქვს, რათა განცხადება განიხილოს, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიტანოს კენჭისყრისთვის.
პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს. „ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ დღეს განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ.
ამასთან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს ზურაბ ჯაფარიძეც.