საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შესახებ პროექტზე იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
პროექტი კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინიციატივის შედეგად ქართულ კანონმდებლობაში შემოდის აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობა – გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც თავისი არსით პატიმრობის ერთგვარი ალტერნატივაა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აღკვეთის შემოთავაზებული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულისათვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება, თავისი შინაარსითა და აღსრულების ფორმით, გაზრდის მოსამართლეების შესაძლებლობას, აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ და მსუბუქ სახეებს შორის არსებული დიაპაზონიდან შეარჩიონ ადამიანის უფლებების ყველაზე ნაკლებ შემზღუდველი და ამავე დროს შესაბამისი რისკების ეფექტიანად დამზღვევი ღონისძიება.
კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში. გადაადგილების შეზღუდვა გამოყენებული იქნება იმ პირის მიმართ, რომლის მკაცრი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. გადაადგილების შეზღუდვა ბრალდებული პირის მიმართ არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება მოხდება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. პროექტის თანახმად, ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
ელექტრონული მონიტორინგი აღსრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებების, ასევე აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება და ამდენად, აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება, ისევე როგორც მისი აღსრულების წესის რეგლამენტაცია, საჭიროებს ცვლილების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. შესაბამისად, ცვლილებები 23 მოქმედ კანონში შედის.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.