საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პროექტი ათეულობით შინაარსობრივ, არსებით, პროცედურულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ, რედაქციული ხასიათის შესწორებას ითვალისწინებს.

„ცვლილებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, კიდევ უფრო ამაღლდება პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი და უფრო ეფექტიანად მოხდება მისი მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება. რეგლამენტის პროექტის თანახმად, სამართლებრივად ზუსტდება და მკაფიოდ ყალიბდება პროცედურები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პროექტის თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა და კანდიდატურების წარდგენის ვადა; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაცია; პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა; პარლამენტის ყოფილი წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება; საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის რეგისტრაცია, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.

ცვლილებით განისაზღვრება პარლამენტის წევრის თანაშემწეების რაოდენობა, ასევე რეგულირდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის უზრუნველყოფა იმავე სამუშაო პირობებით, რომლითაც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ცვლილებებით წესრიგდება და ზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების საქმიანობის განხორციელების პროცედურები. ასევე, პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელი იქნება კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონპროექტი დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განიხილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.

პროექტით სამართლებრივად იხვეწება და ზუსტდება საკომიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმები და პროცედურები.

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ ინტერპელაციას, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების და ანგარიშის მოსმენას, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე მოწვევის პროცედურას.

რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებები ეხება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ შეძენილი ნივთების პარლამენტის მიერ დროულად აღრიცხვის საკითხებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.