საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მესამე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია იმ შესაძლო დარღვევებსა და ხარვეზებზე, რომელთა შესახებაც საარჩევნო სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, შესაბამისმა ორგანოებმა კი კომისიის წევრებს შემოსულ განცხადებებზე რეაგირების თაობაზე მოახსენეს. კერძოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა შს სამინისტროსა და პროკურატურის ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ მასალაზე, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − წარმომადგენელ ზურაბ შაინიძის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხებოდა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, უკვე მიცემულია პასუხისგებაში ინციდენტში მონაწილე 12 პირი და დანაშაულში პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება.

კომისიამ იმსჯელა „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) მიერ შემოტანილი განცხადებებზეც, მათ შორის: წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა ჩართულობის, აგრეთვე, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საარჩევნო რეკლამების განთავსების საკითხებზე. ამასთან, ღონისძიებაზე განიხილეს პოლიტიკური პარტიის  –  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“  – განცხადება, რომელიც ეხება საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსური ინფორმაციის განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით წარდგენას.

კომისიამ მოისმინა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანიებს უკრძალავს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არასაარჩევნო პერიოდში. უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროდ ჩათვალა მარეგულირებელი კომისიის პოზიციის მოსმენა, რისთვისაც მისი წარმომადგენელი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგ სხდომაზე მიიწვია.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი  არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან.

კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე  დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიკრიბება 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. კომისია განიხილავს  მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.