საპრეზიდენტო არჩევნების დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენს რუსეთსა და პუტინზე დამოკიდებული უწოდა
საპრეზიდენტო არჩევნების დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენს რუსეთსა და პუტინზე დამოკიდებული უწოდა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატები – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. 2.5-საათიანი დებატების დროს ლიდერებმა რვა თემაზე, ძირითადად კი, რუსეთზე, კლიმატზე, გაძვირებულ ტარიფებსა და საიმიგრაციო კანონებზე იდავეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დებატების დროს უკრაინაში რუსეთის ომი იყო. ემანუელ მაკრონის თქმით, „რუსეთი ფატალურ გზას ადგას“, საფრანგეთისა და ევროპის როლი კი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფა და ლტოლვილების მიღება იყო. აღნიშნულის პასუხად ლე პენმა განუცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, საფრანგეთი „მოკავშირე“ ხდება. თუმცა, აქვე ლე პენმა მხარი დაუჭირა ოპონენტის პოლიტიკას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს, თუმცა აღნიშნა, რომ არ ემხრობა ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებას. ლე პენის თქმით, ნავთობსა და გაზზე ემბარგო „ფრანგ ოჯახებს დიდ ზიანს მიაყენებს“.

მაკრონმა ოპონენტს შეახსენა, რომ მისმა პარტიამ რუსული სახელმწიფო ბანკისგან აიღო სესხი და აღნიშნა, რომ ლე პენს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან „ის კრემლზეა დამოკიდებული“. მაკრონის თქმით, „რუსეთთან საუბრისას ლე პენი მის ბანკირს ესაუბრება“. მაკრონმა ასევე გაიხსენა ფაქტი, რომ ლე პენი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აღიარა.

„რატომ არ დაუჭირეთ მხარი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, ამას სერიოზულად ვიტყვი. ეს ცუდი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თქვენ დამოკიდებული ხართ რუსეთსა და პუტინზე“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, ლე პენმა განმარტა, რომ მან ვერ შეძლო სესხის საფრანგეთში აღება. მისივე თქმით, აღნიშნული სესხი მის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის.

დებატებისას ასევე აღინიშნა, რომ შეიცვალა მარინ ლე პენის პოზიცია ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, ახლა ის სტრუქტურის შიგნით ცვლილებების მომხრეა. ლე პენის თქმით, ამჟამინდელ ევროკავშირში საფრანგეთს არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა და ის შეწყვეტს სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლებიც ზიანს აყენებს ფრანგ მწარმოებლებსა და ფერმერებს.