„საპარტნიორო ფონდს“ „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდა და დავით საგანელიძის ნაცვლად, მას ბესიკ ბუგიანიშვილი უხელმძღვანელებს
„საპარტნიორო ფონდს“ „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდა და სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც შეასრულებს. ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბესიკ ბუგიანიშვილი ამ დრომდე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა.
„ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო. მთავრობის მიერ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაზილ ჰუდაკი, დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი, რომლებიც შეირჩნენ ფინანსურ/სამეწარმეო სექტორში მათი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ – მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ – ავთანდილ სილაგაძე.
წესდების მიხედვით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.