„საპარტნიორო ფონდი“ ოთარ ფარცხალაძესა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ის ერთობლივ ბიზნესპროექტთან კავშირს უარყოფს
„საპარტნიორო ფონდი“ ოთარ ფარცხალაძესა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ის ერთობლივ ბიზნესპროექტთან კავშირს უარყოფს

„საპარტნიორო ფონდი“ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ის ერთობლივ ბიზნესპროექტთან – სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანასთან (ATC) ყველანაირ კავშირს უარყოფს.

როგორც პირველს არხს „საპარტნიორო ფონდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ATC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა რეზო ტყავაძემ განუცხადა, ოთარ ფარცხალაძესთან არც საპარტნიორო ფონდს და არც სხვა კომპანიებს, რომელიც ოპერირებს ამ ქარხანაში, შეხება არასოდეს არ ჰქონიათ.

„ვაცხადებ, რომ უშუალოდ ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არც საპარტნიორო ფონდს, არც ფონდის მიერ დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეს ოპერირებს ამ ქარხანაში, შეხება არასდროს ჰქონია. ის არც ჩვენი თანამშრომელი ყოფილა, არც რაიმე ფორმით დაქირავებული პირი“, – განაცხადა რეზო ტყავაძემ.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოთარ ფარცხალაძე მათ მიერ დაფუძნებული საწარმოსგან გასამრჯელოს იღებდა, მცდარი და გადაუმოწმებელია.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე დაახლოებით ხუთი წელია რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ია, რომელიც „ბოინგის“ დეტალებს უშვებს​. გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი კლიენტი ამ პროექტით ამაყობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესპროექტი, რაც ძირითადად, არის ფარცხალაძის შემოსავლის წყარო.