„საპარტნიორო ფონდი“ - ფონდის რეფორმირებაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა რეალური ნაბიჯები წინა წლებში არ გადადგმულა, მივესალმებით, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია
„საპარტნიორო ფონდი“ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ფონდის შესახებ შეტანილი საკითხის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. „საპარტნიორო ფონდი“ განმარტავს, რომ ფონდის რეფორმირებაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები წინა წლებში არ გადადგმულა.
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადებით, მიესალმებიან ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. მათივე განმარტებით, ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თავის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემა.
„ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისთვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა, ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.
შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს. შესაბამისად, არსებულის გაუქმება და ახალი კანონპროექტის შემუშავება გადაწყდება თუ უკვე არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა – ამის შესახებ მსჯელობა და სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე გავლილია, ასე რომ, ვიმედოვნებთ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მალე ჩამოყალიბდება და გადაეცემა პარლამენტს განსახილველად.
„საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა ფონდის არანაირი განახლება ან მისი სტრუქტურული სახეცვლილება. აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ფორმატის, საქმიანობისა და მანდატის ცვლილების შესახებ საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ ფონდის მიერაა ინიცირებული. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ფონდს ჰქონდეს მეტი მოქნილობა იმისთვის, რომ ინვესტორებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით, განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეს ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ან საერთოდ არ არის დაფინანსებული. შესაბამისად „საპარტნიორო ფონდმა“, როგორც სახელწიფო საფინანსო ინსტიტუტმა, უნდა უპასუხოს ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის კი საჭიროა მისი რეფორმირება“, – ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაში.