საპარლამენტთაშორისო კავშირმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც საქართველოს დელეგაციამაც დაუჭირა მხარი
საპარლამენტთაშორისო კავშირმა ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.
რეზოლუცია მოამზადა ჩილესა და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლექსანდრ კორნიენკო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„საქართველომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას და ჩვენ უკრაინიდან მადლიერი ვართ საქართველოსი, მისი პარლამენტის ამ ქმედებისთვის, რადგან ეს რეზოლუცია არ ეხება მხოლოდ ჩვენს პრობლემას ამ ომში, რუსეთი მსოფლიო პრობლემების მიზეზია. პროდუქტის კრიზისი, ბირთვული საფრთხე, გენოციდის მომენტები. ეს ყველაფერი ამ რვა თვის განმავლობაში უკრაინაში ვიხილეთ. არავის სურს ომი ქვეყნებს შორის. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის მხარდაჭერა. ვიმედოვნებ, რომ კომიტეტი შეასრულებს თავიანთ სამუშაოს კარგად და მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება სრულყოფილი განცხადება, რომელსაც ასამბლეა დაუჭერს მხარს. საქართველო და უკრაინა მეგობარი ქვეყნები არიან. ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ რვა თვის განმავლობაში, და მადლობელი ვართ, თქვენი პარლამენტის ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ოლექსანდრ კორნიენკომ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში მოანწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება. პაპუაშვილმა რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.