საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა ირაკლი კობახიძის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.

საქართველოს პირველ არხთან დეპუტატები არ აკონკრეტებენ, რა საკითხთან დაკავშირებით იკრიბებიან პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, განსახილველია რამდენიმე საკითხი, მათ შორის არ გამორიცხა, რომ მსჯელობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე გაიმართოს.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო. ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების გაცნობა ვერ მოასწრეს. სხდომაზე 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, დღესვე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. სხდომის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტების გათვალისწინებას აპირებს.