ოპოზიციის პროტესტისა და ცხარე კამათის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათამდე გადაიდო [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ დღევანდელი სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაიწყოს, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს.

მათივე თქმით, ვერ მოასწრეს იმ ცვლილებების გაცნობა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს უნდა წარედგინა. საუბარია მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო.

ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი პროტესტის ნიშნად მაგიდებზე აბრახუნებენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცხადდება შესვენება და პლენარული სხდომა 14:00 საათზე განახლდება.

დატოვე კომენტარი