საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტებს გაითვალისწინებს
საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტებს გაითვალისწინებს

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კერძოდ, საუბარია საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციებზე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური ხასიათის არის, მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავენ.

„უმრავლესობის მეორე სამუშაო შეხვედრა დასრულდა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირდებოდა. როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და კანონპროექტში ავსახავთ. უკვე დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. ხოლო ის რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.