საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ სიტყვით სარგებლობის უფლება ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ სიტყვით სარგებლობის უფლება ექნება.
შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიციირება 9 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
მოქმედი რეგლამენტით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა შემდეგია: პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ცვლილებებით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების შემდეგ ტრიბუნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაიკავებს.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლითაც თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.