ადა მარშანია - პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა დაუგვიანდა, მას ისედაც წელიწადში ერთხელ ვხვდებით
ადა მარშანია - პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა დაუგვიანდა, მას ისედაც წელიწადში ერთხელ ვხვდებით

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით გამოსვლას აგვიანებს.

როგორც პირველ არხს მარშანიამ განუცხადა, ვინაიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღი წინასწარ იცის, უმჯობესია, მისი ვიზიტები ამის მიხედვით დაგეგმოს.

„პრაქტიკულად, არც სამთავრობო საათი არ გვაქვს, რაც ქვეყნისთვის ცუდია. პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა ნამდვილად დაუგვიანდა, მას ისედაც წელიწადში ერთხელ ვხვდებით. პრინციპში, ეს კონსტიტუციის დარღვევაცაა. უცნობია, პრეზიდენტი პარლამენტში რატომ არ მოდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წინასწარ, ერთი წლით ადრე იცის, პარლამენტში როდის უნდა მოვიდეს. მათ ესა თუ ის ვიზიტი სწორედ ამის მიხედვით უნდა დაგეგმონ. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი ხომ წინასწარ ცნობილია? ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ქვეყანაში სამაგალითო დისციპლინა და ინსტიტუტების მიმართ ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. სხვანაირად ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ და ვერც ვერაფერს ვიზამთ, მითუმეტეს, იმ ქვეყნის პირობებში, სადაც მძიმე ვითარებაა შექმნილი“, – აცხადებს მარშანია.

დეპუტატი პრეზიდენტის მხრიდან პასიურობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის გაბუტვას უკავშირებს.

ურთიერთშუღლი და გაბუტვა არ უნდა იყოს და ადგილი ასეთ რაღაცებს არ უნდა ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რა პირადი დამოკიდებულებები აქვთ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. ასეთი დამოკიდებულება და საქმიანობა ყოვლად დაუშვებელია. შესაძლებელია, მისი პასიურობა ამ გაბუტვის შედეგიც იყოს. პირადი ურთიერთობებისა და ზეგავლენის გამო არ უნდა იყოს ინსტიტუციის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ადა მარშანია პრეზიდენტს ურჩევს, წლიური მოხსენებით გამოსვლისას აქცენტი ქვეყნის გამთლიანების საკითხზე გააკეთოს და შესაბამისი წინადადებები წარადგინოს.