საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
,,ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. მოხდა ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. საპარლამენტო უმრავლესობა ვაპირებთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას, სადაც მოვითხოვთ, ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. ვინაიდან, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი და საფრთხეები არის მაღალი და დროა ,საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი მობილიზება მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. მოვითხოვთ ასევე რუსეთის ფედერაციისგან, რომ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას“, – განაცხადა თალაკვაძემю
მისივე შეფასებით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს, რომ რუსეთმა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
,,სახელმწიფო აკეთება ყველაფერს, რომ მოხდეს ცხედრის დროულად გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებული ადამიანის გადმოცემა ჩვენთვის, რომელთა თავისუფლება ჯერ კიდევ შეზღუდულია. ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატებს გამოვიყენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურადღება არ შენელდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.