„ევროპული საქართველო“ განათლების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს რეკომენდაციებით მიმართავს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა, განათლების სამინისტრო წარმატებული პედაგოგების მოტივაციის გაზრდაზე დღემდე ჯიუტად უარს ამბობს, რაც განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
მისი თქმით, არსებულ პრობლემას მინისტრის ბრძანებით სერტიფიცირებული უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ხელფასის გამოთვლის წესი მოაგვარებს.
„ამ წესმა სკოლაში საათების განაწილების დროს სერტიფიცირებული/სტატუსის მქონე პედაგოგის სრული დატვირთვა უნდა უზრუნველყოს. ამ მომენტისათვის 16 000 სერტიფიცირებული პედაგოგიდან სრული დატვირთვა მხოლოდ 8000-ს აქვს, ხოლო დანარჩენი 8000 პედაგოგი კუთვნილ სრულ დანამატს არ იღებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავე მაღალმთიან რეგიონებშია, სადაც სრული დატვირთვის მქონე პედაგოგების რაოდენობა ძალიან მცირეა და შესაბამისად, მათი უმრავლესობა ასეთი დანამატის გარეშეა დარჩენილი. ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, ხელფასის მატება შეეხება პედაგოგთა კორპუსის არა 14%, არამედ 30%-ს. წესის განსაზღვრის შემთხვევაში, ნებისმიერი სერტიფიცირებული უფროსი და წამყვანი მასწავლებელი სერტიფიცირების დანამატს სრულად მიიღებს. ეს კი, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას წაახალისებს და პოზიტიურად განათლების ხარისხზე აისახება“, – აღნიშნა რატიანმა.
დეპუტატმა ყურადღება სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროგრამული დაფინანსების სტუდენტები, სხვა პროგრამებზე იგივე შედეგების მქონე სტუდენტებთან შედარებით, ორმაგ დაფინანსებას იღებენ, ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე სასწავლო გრანტები არ მიუღიათ და დაბალი შედეგები აჩვენეს, 100%-იან დაფინანსებას იღებენ.
„2016 წელს განათლების სამინისტრომ ეს წესი თავად შეაფასა, როგორც არასწორი, მაგრამ იგი არც 2017-2018 სასწავლო წლისათვის შეცვალა. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ყოველწლიურად სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მატულობს. ამჟამინდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა უკვე 45 ათასს აჭარბებს. საგრანტო დაფინანსების ძველი წესის შენარჩუნებით ყოველწლიურად გაცილებით მეტი სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ისევე უნდა ისარგებლონ მოგების გადასახადის ე.წ. “ესტონური მოდელით”, როგორც ამით კერძო უმაღლესი სასწავლებლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ სკოლები გათავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადიდან, მაგრამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – არა. დღეს სახელმწიფო ერთი ხელით სტუდენტს სასწავლო გრანტს აძლევს, ხოლო მეორე ხელით – უნივერსიტეტს უკანვე ართმევს იმ ფულს, რომლიც მან სტუდენტის განათლებისათვის უკეთესი პირობების შექმნას უნდა მოახმაროს“, – აღნიშნავს რატიანი.