საპარლამენტო საქმიანობაში ინტერპელაციის წესის დამკვიდრება იგეგმება
საპარლამენტო საქმიანობაში ინტერპელაციის წესის დამკვიდრება იგეგმება

საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში ინტერპელაციის წესის დამკვიდრება იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება, ინტერპელაციის წესით, საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს კითხვით მიმართოს.

ცვლილებების პროექტით კონკრეტდება, რომ კითხვა წერილობითი უნდა იყოს, მისი შინაარსი კონკრეტული და ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს ეხებოდეს. კითხვას შეიძლება განმარტებაც ერთვოდეს.

ცვლილებების გათვალისწინებით, ადრესატები ვალდებულნი არიან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვას პირადად უპასუხონ, აგრეთვე პლენარულ სხდომას პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინონ.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ ინტერპელაციის წესით, კითხვის ადრესატი როგორც წესი, პარლამენტში ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგება. კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრისთვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც მას აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გადაეცა.

პროექტის თანახმად, კითხვის ავტორს უფლება ექნება, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება.

რაც შეეხება პროცედურას, ცვლილებებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კითხვის ავტორს 10 წუთი გამოეყოფა, ხოლო შემდეგ, ადრესატს – 20 წუთი, რაც შეიძლება 10 წუთით გახანგრძლივდეს. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება.

ინტერპელაცია ლათინური სიტყვაა და გამოიყენება, როგორც სადეპუტატო მოთხოვნა. ინტერპელაცია ზოგიერთ სახელმწიფოში დეპუტატთა ჯგუფის მიერ მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი მიმართული მოთხოვნაა, განმარტება გააკეთონ მათ მიერ გატარებულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შესახებ ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე.