საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე არასრულწლოვნები გამოკითხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვა დაასრულეს. პროცესი ოთხი საათის განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობა.
კომისიის წევრების ინფორმაციით, მათ არასრულწლოვნებთან ჰქონდათ კითხვები და ცდილობდნენ დეტალების დაზუსტებას, თუ რა დაინახეს მათ გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე.
კომისიის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო სურათს მალე ჩამოაყალიბებენ.
„ნელ-ნელა ივსება ინფორმაცია. ვფიქრობ, წინ მივიწევთ და საბოლოო სურათიც მალე ჩამოყალიბდება, გვექნება დასკვნების გაკეთების საშუალება, რამდენად სწორად თუ არასწორად წარიმართა გამოძიება“, – აღნიშნა დიმიტრი ქციტიშვილმა.
კომისიის ოპოზიციონერი წევრი ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ ყველა გამოკითხვა არის საინტერესო და ყველა ახნა-განმარტება – ფასეული, რადგანაც კომისიის წევრები სვამენ ყველა იმ კითხვას, რომელიც გამორჩენილია გამოძიების პროცესში.
„ამავე დროს, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა მიმდინარეობს სტრესისგან თავისუფალ გარემოში, ფსიქოლოგის მონაწილეობით, რაც ხელს უწყობს არასრულწლოვნებს, იყვნენ უფრო გახსნილები და ისაუბრონ უფრო მეტ დეტალზე“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
ხვალ საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე განახლდება და სამი არასრულწლოვანი გამოიკითხება.