საპარლამენტო ფრაქციის შექმნა შვიდ დეპუტატს შეეძლება
საპარლამენტო ფრაქციის შექმნა შვიდ დეპუტატს შეეძლება

საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ექვსი დეპუტატის ნაცვლად, შვიდ კანონმდებელს შეეძლება.

ფრაქციის შექმნისთვის კვოტა პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით იზრდება.

პროექტის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ, ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან.

ცვლილებებით, პარლამენტის წევრს უფლება ექნება, მხოლოდ იმ ფრაქციაში გაერთიანდეს, რომელიც შექმნილია მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებით.

ამასთან, ინიციატივით სიახლეს ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა წამოადგენს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ ფრაქციას, რომელიც გაერთიანებული არ არის უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება ექნება, ერთი სესიის განმავლობაში 30-წუთიანი გამოსვლით ორჯერ ისარგებლოს.

რაც შეეხება ფრაქციის დაფინანსებას, ცვლილებების გათვალისწინებით, ფრაქციის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობა, ფრაქციისთვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება.

პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, ფრაქციის შექმნის უფლება პარლამენტის არანაკლებ ექვს წევრს აქვს.