საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ხუთი ახალგაზრდა მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ხუთი ახალგაზრდა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. ახალგაზრდებმა ხუთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მცხეთის პოლიციის შენობა დატოვეს.
ერთ-ერთი ახალგაზრდის განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი თავად გადაკვეთეს და გატაცებას ადგილი არ ჰქონია.
ვახტანგ გუბელაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მათ გათავისუფლებაში იყო ჩართული.
„გატაცებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ თვითონ გადავკვეთეთ ე.წ. საზღვარი, რის შემდეგაც აღმოვჩნდით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოხდა ჩვენი დაკავება რუსი სამხედროების მიერ, შემდეგ გადაგვიყვანეს რუსების ბაზაზე, საიდანაც გადაგვცეს ცხინვალში. იქ სამი დღე გავატარეთ იზოლატორში, რის შემდეგაც ჩვენი კუთვნილი ნივთები დაგვიბრუნეს, არაფერი არ დაგვკარგვია. ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არც ფიზიკურს, არც სიტყვიერს. ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა ქართულ მხარეს, რომ დაგვეხმარნენ და ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს დაბრუნებაში“,- განაცხადა ვახტანგ გუბელაძემ.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.
„ისინი კარგად გრძნობენ თავს, შევხვდი თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და ყველა არის კარგად, შემართებით. მათი დაკავება მოხდა ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ და იქ დააკავეს. დეტალებზე მათთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ შემთხვევით აებნათ გზა. რაც მთავარია ვიცი, რომ მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ“,- განაცხადა კერესელიძემ.
თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გაათავისუფლეს. ბექა მაღრაძემ, ქეთევან მაღრაძემ, მზია გომურმა, ვახტანგ გუბელაძემ და გია ბაღდოშვილმა ოკუპირებული ტერიტორია დღეს დატოვეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.
თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.