თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გაათავისუფლეს [ვიდეო]

თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გათავისუფლებულია.

ახალგაზრდებს ერგნეთთან ახლობლები დახვდნენ.

ერთ-ერთი გათავისუფლებულის დედამ, რომელიც ერგნეთთან იმყოფება, დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლების ყველა უწყებას, რომელიც გათავისუფელბაში იყო ჩართული, ასევე „წითელ ჯვარს“ და მედიას.

„ახალგაზრდები წინასწარ გეგმავენ და ადგენენ ლაშქრობის მარშრუტს. დაუგეგმავად არასდროს მიდიან ლაშქრობაში. ჩემს შვილთან ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია. ის ყოველთვის ფრთხილობს. ვერ გეტყვით, რა მოხდა. უღრმეს მადლობას გიხდით, მადლობა „წითელ ჯვარს“, ასევე ყველა უწყებას, ყოველ ნახევარ საათში გვაწვდიდნენ ინფორმაციას, როგორ იყვნენ. უღრმესი მადლობა ყველას“, – განაცხადა მან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ბექა მაღრაძემ, ქეთევან მაღრაძემ, მზია გომურმა, ვახტანგ გუბელაძემ და გია ბაღდოშვილმა ოკუპირებული ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.