ოკუპანტების მიერ გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი - ჩემს ბაღში ძროხას ვაძოვებდი და იქვე დამიჭირეს
ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების ე.წ. იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქე ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიევი საოკუპაციო რეჟიმმა ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლა.
ელდარ გუნდიშვილმა პირველ არხთან დაკავების დეტალები გაიხსენა. გუნდიშვილის თქმით, ის და თეიმურაზ კაზიევი ცალ-ცალკე დააკავეს.
„ჩემს ბაღში ძროხას ვაძოვებდი და იქვე დამიჭირეს. ჩემი ბაღი საოკუპაციო ხაზთან 100 მეტრშია. იქვეა ტაძარი და იმის იქით ჩვენ ვეღარ გავდივართ. სასამართლო არ გამართულა, არც ჯარიმა გადაგვიხდია. ჩემმა ოჯახმაც კი არაფერი იცის ჯერ“, – აცხადებს გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გუშინ გაიტაცეს. ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიევი დღეს გაათავისუფლეს.