სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებულ დარია ტრეპოვას სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებულ დარია ტრეპოვას სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პეტერბურგის საოლქო სამხედრო სასამართლომ დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აფეთქებასთან კავშირისთვის, რომლის შედეგადაც სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.

პროკურატურა ქალისთვის 28-წლიან პატიმრობას ითხოვდა. 2023 წლის 2 აპრილს ტრეპოვა მივიდა ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე, პეტერბურგის ცენტში მდებარე კაფეში და სამხედრო ბლოგერს მისი მოოქროვილი ბიუსტი აჩუქა. რამდენიმე წუთში ქანდაკება აფეთქდა, რის შედეგადაც ტატარსკი ადგილზე დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ტრეპოვა შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს, მას ტერაქტის განხორციელებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ გადატანასა და დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს ბრალი. გამოძიება მიიჩნევს, რომ სამხედრო ბლოგერის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა. ტრეპოვა ბრალს აღიარებს მხოლოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში და აცხადებს, რომ მას ტატარსკისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. როგორც ის ამბობს, იცოდა, რომ ქანდაკებაში მოსასმენი მოწყობილობა იყო.

როგორც დასკვნით სიტყვაში დარია ტრეპოვამ განაცხადა, რცხვენია, რომ მისმა გულუბრყვილობამ ასეთი კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ბრალდებულმა ბოდიში მოუხადა ყველა დაზარალებულს.

როგორც ტრეპოვას დაცვის მხარე აღნიშნავდა, ის ფაქტი, რომ ქანდაკების გადაცემის შემდეგ ბრალდებული ღონისძიების დარბაზში დარჩა, ტატარსკისგან რამდენიმე მეტრში, ადასტურებს, რომ მან ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არაფერი იცოდა.

ვლადლენ ტატარსკის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, ის წარმოშობით დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკიდანაა. რუსული მედია ტატარსკის სამხედრო კორესპონდენტად მოიხსენიებდა, თუმცა ის არ ყოფილა ჟურნალისტი და თავად ომობდა უკრაინაში, მანამდე დონეკის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში ბანკზე თავდასხმისა და შეიარაღებული ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. ტატარსკი სამხედრო მოქმედებებში რუსეთის მხარეს მონაწილეობდა და, პარალელურად, ტელეგრამარხი მიჰყავდა.