სანდრო სვანიშვილი - თვითმმართველობას იმდენი ფინანსური რესურსი უნდა ჰქონდეს, რამდენის უფლებამოსილებაც ექნება
სანდრო სვანიშვილი - თვითმმართველობას იმდენი ფინანსური რესურსი უნდა ჰქონდეს, რამდენის უფლებამოსილებაც ექნება

თვითმმართველობას იმდენი ფინანსური რესურსი უნდა ჰქონდეს, რამდენის უფლებამოსილებაც ექნება, – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, სანდრო სვანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ექნება მეტი უფლებამოსილება, მეტი რესურსი უნდა ჰქონდეს, ნაკლები ექნება – ნაკლები“, – განაცხადა სვანიშვილმა.

მისი თქმით, ძირითადი საკითხია, თვითმმართველობას რა უფლებამოსილებები ექნება, რა გადაეცემა და შესაბამისად, ფინანსური რესურსით რამდენად იქნება უზრუნველყოფილი.

„ეს უკვე ჩაიწერა კონსტიტუციაშიც, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი და იმედია, ეს საკითხი სწორი მიმართულებით წავა“, – განაცხადა სვანიშვილმა.

მისივე თქმით, ვინც თვითმმართველობის სფეროში საქმიანობს, მშვენივრად იცის, რომ ძირითადია უფლებამოსილებები, ფინანსური რესურსები, ფინანსური დეცენტრალიზაცია და კარგი მმართველობა.

თვითმმართველობა კომპლექსური საკითხია. ფინანსები თავიდათავი არ არის და აუცილებელია ფინანსების მართვა, კადრების მომზადება, უფლებამოსილებები, სერვისების მიწოდება და ა.შ“, – განაცხადა სვანიშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პრიორიტეტები, რომელიც დღეს ხელისუფლების მიერ გაჟღერდა, ახალი არ არის, მაგრამ მიდგომა განსხვავებულია.

„90–იანი წლებიდან დღემდე არაერთი ხმამაღალი განცხადება გაგვიგია. თუმცა, განსხვავებას ვხედავ. არ მახსენდება შემთხვევა, ხელისუფლებას რეფორმებზე საუბარი არჩევნების შემდეგ დაეწყოს. როგორც წესი, რეფორმებზე საუბარი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იწყებოდა ხოლმე და პრაქტიკულად, ეს წინასაარჩევნო კამპანია იყო, რომელიც არჩევნებზე მთავრდებოდა. დღეს ამ კუთხით განსხვავებული მიდგომაა. ხელისუფლება ცდუნებას არ აჰყვა, რომ პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა არჩევნების წინ დაეწყო. ამავე დროს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საუბარი გრძელვადიან ხედვაზეა“, – განაცხადა სანდრო სვანიშვილმა.