სანდრო რაქვიაშვილი - წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, იყო წინსვლა, შეთანხმების მცდელობა, მხარეების ემოციური განწყობა გვაჩვენებდა, რომ შეთანხმების შანსი მაღალია
რადგან ორივე მხარეს აქვს მზაობა, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება შეიძლება, მართლა მოხდეს. ზოგადად, მხარეების ემოციური განწყობა გვაჩვენებდა, რომ ასეთი შანსი მაღალია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
„მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ გეტყვით, რადგან შეთანხმება გვაქვს, რომ ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებთ. თუმცა, მგონია, რომ რაღაც მომენტში აუცილებელი პირობა იქნება საჯაროდ ამის განხილვა, მაგრამ ამ ეტაპზე, რადგანაც ასეთი შეთანხმება გვაქვს, ვერ გეტყვით ამის თაობაზე, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრა რომ მოხდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, იყო მართლა წინსვლა, ეს არ იყო უბრალოდ იდეების გაცვლა, ეს მართლა იყო შეთანხმების მცდელობა და რადგან ორივე მხარეს აქვს ასეთი მზაობა, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება შეიძლება, მართლა მოხდეს. ზოგადად, მხარეების ემოციური განწყობა გვაჩვენებდა, რომ ასეთი შანსი მაღალია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა სხვა პუნქტების შესრულება იყოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საპირწონე, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„მე დეტალებს ვერ გეტყვით, როგორც გითხარით, ეს არის საკითხები, რომლებიც განიხილება ჯერჯერობით არასაჯაროდ, ამიტომ ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, რომ ზოგადად არსებულ შემთხვევაში შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს და კომპრომისული ვერსიებიც არსებობს“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, უპირობო მოთხოვნად რჩება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ რჩებიან ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი პოზიციის ერთგულნი, თუმცა, ჯერ უნდა ნახონ, რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლებასთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად მიაღწიოს შეთანხმებას და პარლამენტში ყველა პარტია შევიდეს.
„ზოგადად ჩვენ ერთგული ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ოპოზიციამ დააფიქსირა და მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ეს მოთხოვნები არის ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო შედეგი მივიღოთ არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად ყველასთვის. ჯერ ვნახოთ, საერთოდ რაზე შევთანხმდებით, რადგან ჩვენი პირობა მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ კონკრეტული რაღაც პუნქტი იყოს შესრულებული ან არ იყოს შესრულებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამენტი იყოს პარლამენტი, იქ იყოს, მათ შორის, სხვა ოპოზიციური პარტიები, იქ იყოს ადგილი დისკუსიისა და იმ შესაძლო გეგმების რეალიზაციისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. ამიტომ, რაღაც გაგებით, ჩვენ არამარტო იმას ვუყურებთ, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. ჩვენ შეიძლება, უარი ვთქვათ, თუ რაღაც არ მოგვეწონება შეთანხმებასა და პირობებში, მაგრამ ასეთ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გვქონდეს კომუნიკაცია. ბუნებრივია, იქ სხვადასხვა პოზიციაა, სხვადასხვა მიდგომა არსებობს, მაგრამ ამ მომენტისთვის, ბუნებრივია, ერთიანობაა და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ერთად შევალთ, რადგან თუ ყველა შევალთ, უფრო მნიშვნელოვანია ეს, უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ მგონია, რომ ამას გარკვეულწილად „ქართულ ოცნებაშიც“ ეთანხმებიან. ყოველ შემთხვევაში, ხედავენ ამის აუცილებლობას და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ისინიც წავლენ დათმობაზე და ჩვენ დავინახავთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას. მე ვერ ვილაპარაკებ ყველა პარტიის სახელით, ბუნებრივია, მე შემიძლია, ვილაპარაკო ჩვენი პარტიის სახელით და ისიც მარტივად წარმომიდგენია, რომ ვიღაც არ იყოს კმაყოფილი ამ კომრომისული ვარიანტის შედეგით, მაგრამ რადგან ჯერჯერობით საერთო პოზიცია გვაქვს, მაქვს იმედი, რომ უბრალოდ ყველა შევთანხმდებით და ამით დასრულდება პოზიტიურად ეს მოლაპარაკება, ან ყველა არ შევთანხმდებით, დასრულდება პოზიტიურად“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე განმარტებით, „ყველა არ შევთანხმდებით“ გულისხმობს ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნას და იქ ერთად ბრძოლას.
„თუ ყველა შევთანხმდებით, პარლამენტში ვიქნებით, პარლამენტში გავაგრძელებთ კანონების მიღებას თუ ზოგადად, „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას, მაგრამ არ იქნება ალბათ კარგი, რომ ნახევარი აღმოჩნდეს ქუჩაში და ნახევარი აღმოჩნდეს პარლამენტში მე მგონი ეს იქნება არც ისე ოპტიმალური გადაწყვეტილება. პირობითად ვთქვი ახლა ნახევარი, მაგრამ ბუნებრივია, თეორიულად ამ გადმოსახედიდან შეიძლება, იყოს უარესი ამ სამი ალტერნატივიდან – ყველა ქუჩაში, ყველა პარლამენტში და რაღაც ნაწილი პარლამენტში და რაღაც ნაწილი ქუჩაში. ბუნებრივია, მე არ შემიძლია ყველა სუბიექტზე ავიღო პასუხისმგებლობა. მირჩევნია, რომ ყველა შევთანხმდეთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ ნამდვილ პარლამენტში. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ, მაგრამ მე ისიც წარმომიდგენია, რომ ყველა ვერ შევთანხმდებით, ერთიანი პოზიცია არ გვექნება და ვიქნებით ქუჩაში, მაგრამ მარტივად შემიძლია, წარმოვიდგინო, რომ იყოს განსხვავებული პოზიციები ოპოზიციაში“, – დასძინა სანდრო რაქვიაშვილმა.