სანდრო რაქვიაშვილი - „ვეტინგი“ არაფერ შუაშია რეფორმასთან, ხუთი მოსამართლეც შეიძლება, გამოიყენოს „ოცნებამ“ და თქვას, რა კარგი რეფორმა გვაქვს, გვყავს დამოუკიდებელი მოსამართლეები
„ვეტინგი“ არაფერ შუაში არ არის სასამართლო რეფორმასთან, ეს არის რაღაც კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც ბევრჯერ გავაკეთეთ, არაფერი უშველა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე იუსტიციის საბჭოზე იყო საუბარი და არ უშველა, მერე – 2/3 წესის დანერგვაზე, ესეც ჩაფლავდა.
„„ვეტინგიც“ იმავენაირად ჩაფლავდება, რადგან არაფერ შუაში არ არის დეკლარაციების შემოწმება კეთილსინდისიერებასთან, არც ის უშველის სიტუაციას, რაღაც საბჭო აირჩევს თუ შეამოწმებს, რადგან ამ საბჭოს პოლიტიკოსები დანიშნავენ და, ფაქტობრივად, მმართველი ძალა ვინც იქნება, ის აარჩევს საბჭოს. თუ ასე მივუდექით, მმართველი საბჭო უცხოელ ექსპერტებსაც დაიქირავებს. მე შენ გეტყვი, ლობისტებს ვერ ქირაობენ, რომლებიც მათ გაუხარდებათ. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს არის მცდელობა, რომ სინამდვილეში არ ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა. არ მესმის, რატომ უჭერენ მხარს ამ „ენჯეოშნიკურ“ რაღაც უაზრობას ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები, მაგრამ, საბოლოოდ, ეს არასწორი გზა არის. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, უნდა დავნერგოთ არჩევითი მოსამართლეების ინსტიტუტი, რომ ამ სასამართლოს გარყვნილ, რეპუტაციადაკარგულ ინსტიტუციაში შევიყვანოთ ახალი ხალხი, რომლებსაც სუფთა რეპუტაცია ექნებათ, ამით გამოვასწოროთ სისტემა და არა ის, რომ პოლიტიკოსებმა მორიგ ჯერზე ვიღაც ტიპები დანიშნონ ან მოხსნან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, ხუთი მოსამართლე, მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქული მხარს უჭერენ „ვეტინგის“ სისტემას, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა: „უჭერდეს. ვიღაც უჭერს მხარს, ვიღაც – არა“.
მისივე თქმით, სასამართლოს პოზიცია ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან სასამართლო არ არის ისეთი რეპუტაციის მქონე, რომ მათ აზრს რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
„ვუჭერ-არვუჭერზე არ არის აქ საქმე, პრინციპულად სასამართლო რეფორმაზეა და შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს დეკლარაციების შემოწმება, მაგრამ ამით რა იცვლება, არ მესმის. ეს ყველაფერი, ერთადერთი, ვინც შეიძლება, კარგად გამოიყენოს, „ქართული ოცნებაა“, რომელმაც თქვას, რომ, აი, ნახეთ, რა კარგი რეფორმა გვაქვს სასამართლოში და დამოუკიდებელი მოსამართლეები გვყავსო, თორემ ამის იქით მე ამ ფაქტს განსაკუთრებულ ღირებულებას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.