სანდრო რაქვიაშვილი - თავდაცვის კოდექსი ათიათასობით ახალგაზრდის ცხოვრებას დაანგრევს, ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდნენ
გენერლებს თუ მეტი ჯარისკაცი სჭირდებათ, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, 350-გვერდიანი კანონპროექტი ათიათასობით ახალგაზრდის ცხოვრებას დაანგრევს.
„ამორალურია, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მმართველი გუნდის წევრები კითხვებს არ პასუხობენ. ამის ნაცვლად, ხან ფანჯარას გააღებენ, ხან ჩხუბს იწყებენ. წინააღმდეგი ვართ იძულებითი შრომისა და მონობის. ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდნენ. მით უმეტეს, ეს რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს. ადრე თუ გვიან მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა არ მოსულა. თუ გენერლებს სჭირდებათ მეტი ჯარისკაცი ჰყავდეთ, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ და მათ ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ ჯარში ნებაყოფლობით მივიდნენ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.