სანდრო რაქვიაშვილი - სწორი იქნება, თუ ვადამდელ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც პრობლემის მოგვარების გზას და არა ისე, რომ ოპონენტი გავანადგუროთ, ციხეში ჩავსვათ
სწორი იქნება, თუ ვადამდელ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც პრობლემის მოგვარების გზას და არა ისე, რომ ოპონენტი გავანადგუროთ, ციხეში ჩავსვათ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები ლეგიტიმაციის დაბრუნების ინსტრუმენტი უნდა იყოს.
„რიგგარეშე არჩევნების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს ჰგონია, ეს არის ოპონენტის განადგურების, დამარცხების ინსტრუმენტი. შინაარსობრივად, რიგგარეშე არჩევნები ლეგიტიმაციის დაბრუნების ინსტრუმენტი უნდა იყოს. მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში, როცა ასე დაკარგეს ლეგიტიმაცია, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა შედიოდეს, ჩანიშნოს არჩევნები. თუნდაც ერთწლიანი არჩევნები იყოს და იყოს ლეგიტიმური, რომ არავის ჰქონდეს კითხვა, ვინ რატომ არის პარლამენტში, ვინ არის პრორუსი და ასე შემდეგ.
ჩვენი მოქალაქეები რასაც აირჩევენ, ის იყოს. ამ კუთხით, სწორი იქნება, თუ ვადამდელ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც პრობლემის მოგვარების გზას და არა ისე, რომ ოპონენტი გავანადგუროთ, ციხეში ჩავსვათ, უბრალოდ, ქვეყანას ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი. მაშინ იქნება სწორი გამოსავალი. ის, რომ ახლა მიტინგები მოვაწყოთ, უფრო გავანადგუროთ „ქართული ოცნება“ და შემდეგ ჩავდოთ მიწაში არჩევნების ჩანიშვნით, უბრალოდ, ასე არ გამოვა. ასე შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიხვიდე, მაგრამ პოლიტიკურ პრობლემას ვერ მოაგვარებ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.