სანდრო რაქვიაშვილი - სერგეი ნარიშკინის განცხადებას აღვიქვამ, როგორც დამატებითი არეულობის შეტანის მცდელობას რუსეთის მხრიდან
რუსეთის განცხადებას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
სანდრო რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.
„ზოგადად მივიჩნევ, რომ ნებისმიერი პრობლემა და არეულობა, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს, გაახარებს ჩვენს ოკუპანტ მეზობელს, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ყველანაირი ისეთი მოვლენის განვითარებას, რომელიც დაასუსტებს ჩვენს ინსტიტუტებს და ზოგადად, ჩვენს დაცვისუნარიანობას. რა თქმა უნდა, საუბარია ჩვენს მეგობრებზე დასავლეთიდან. მე ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი რუსეთის განცხადებას. ჩვენ მთავარი პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან არ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ წესიერად და თუ ასე არის, მერე მართლა პრობლემა გვექნება რუსეთის სახით. ახლა კი ასეთი ტიპის განცხადებას აღვიქვამ, როგორც დამატებითი არეულობის შეტანის მცდელობას რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.