სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი ხაზარაძის მოწოდებას თუ დაეთანხმება, ეს გავლენას იქონიებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ამბებზე, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა ეს განცხადება ხაზარაძეს
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, მამუკა ხაზარაძე რატომ არის დაინტერესებული საკითხით, ვინ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო.
რაქვიაშვილის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი გასაგები იყო.
„არ მესმის, ხაზარაძეს ეს რატომ აინტერესებს. ეს ხომ შინაარსობრივად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც პოზიცია დაიკავოს. ვისი გვარიც არ უნდა დაასახელოს, რაღაც პოზიციას დაიკავებს. არ მესმის, ეს ხაზარაძისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.
მიხეილ სააკაშვილს თუ რაიმე განცხადებები აქვს გასაკეთებელი, ალბათ ისეთი განცხადებები, რომლებიც მას დაეხმარება ციხიდან გამოსვლაში. როგორც ეკლესია მოუწოდებს მონანიებისკენ, შეიძლება, ასეთი ნაბიჯი გადადგას და ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვოს. ვინ დაარწმუნა სააკაშვილი და იყო თუ არა ასეთი ადამიანი, არც ვიცი და არც მინდა, ვარაუდი გამოვთქვა.
სააკაშვილის მიზანი გასაგები იყო. მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის დაუმორჩილებლობის აქტით, და როგორც უკრაინაში მოხდა, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩებში, მიშა გადაარჩინოს. 100 000-კაციანი მიტინგი შეიკრიბება, მიშას პარლამენტში შეიყვანენ, როგორც ოდესღაც, ვარდების რევოლუციის დროს. ამდაგვარი მიზანი იქნებოდა. ლეგალურ სივრცეში არანაირი გამოსავალი არ ექნებოდა. როდესაც ადამიანი კანონს ასე დემონსტრაციულად არღვევს, თუ ის ლეგალურ პროცესში ჩართვას აპირებს, ბუნებრივად ციხეში აღმოჩნდება. ერთადერთი გზა იქნებოდა, ხალხის მხარდაჭერით მოეპოვებინა ძალაუფლება. არ ვიცი, ვინ უთხრა, ასე იქნება და ხალხი მიშას რომ დაინახავს, ქუჩაში გამოვა, ჩააბარებს ძალაუფლებასო. შეიძლება, თვითონ სჯეროდა ამის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, – როგორ ფიქრობთ, მისმა თანაგუნდელებმა ხომ არ შეუქმნეს ილუზია? – რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ბევრს ეცოდინებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ვინ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო.
„ყველა ვარიანტში, რა სახელიც არ უნდა დაასახელოს, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება. ეს ხომ შეთანხმებულად ხდება. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იცოდნენ, რომ ის ჩამოდის. ვიღაცებმა ხომ იცოდნენ, დაახლოებით როგორი იქნებოდა გეგმა. სავარაუდოდ, ბევრმა იცოდა, მაგრამ რომელი იყო, ვინც დაარწმუნა, წარმოდგენა არ მაქვს. თუ მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძის მოწოდებას დაეთანხმება და ამას გააკეთებს, ეს 100 პროცენტით გავლენას იქონიებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ამბებზე. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა ეს განცხადება ხაზარაძეს. დანარჩენი მამუკამ თქვას, რატომ აინტერესებს ეს საკითხი და რატომ გახდა ეს ამ მომენტში მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა: „იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა“.