სანდრო რაქვიაშვილი - კუბილიუსმა უნდა განმარტოს, რა წესებზე საუბრობს, ეს წესები თუ მისაღებია, შეხსენების გარეშეც შევასრულებთ
ანდრიუს კუბილიუსმა უნდა განმარტოს, რა წესებზე საუბრობს, წესებში ევროკავშირის დღის წესრიგი თუ იგულისხმება, მისი განცხადება სიმართლეა, მაგრამ თუ სხვა იგულისხმება, მაშინ ევროპარლამენტარს უფრო მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
რაქვიაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
რაქვიაშვილის თქმით, კუბილიუსის ასეთ განცხადებას განმარტება სჭირდება, რას გულისხმობდა.
„წესებში თუ ის იგულისხმება, რაც ევროკავშირის დღის წესრიგია, ასოცირების შეთანხმება, 12 რეკომენდაცია და ა.შ. ცხადია, მისი განცხადება სიმართლეა, მაგრამ თუ სხვა იგულისხმება, რაც ევროკავშირთან კავშირში არ არის, მაშინ ეს მიუღებელი განცხადება იქნება და ალბათ ევროპარლამენტარს უფრო მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება, როცა ასეთ განცხადებას ევროპის სახელით აკეთებს. უნდა განმარტოს, რა წესებზე საუბრობს. ეს წესები თუ მისაღებია, მათ შეხსენების გარეშეც შევასრულებთ.
დახურულ შეხვედრებზე სააკაშვილზე არავინ სიტყვას არ ამბობს, პირიქით, პრობლემაა. არცერთ დიპლომატს სააკაშვილის გამოშვებაზე არანაირი სიტყვა არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, ან შეთქმულების თეორიაში უნდა გადავიდეთ და ვთქვათ, რომ ყველა ჩვენ გვატყუებს და კუბილიუსმა იცის სიმართლე, ან ამ შემთხვევაში კუბილიუსი ცდება. კუბილიუსი ის ევროპარლამენტარია, რომელიც სულ „ნაცმოძრაობის“ მხარეს არის და იმავე პოლიტიკური თამაშის ნაწილი შეიძლება, იყოს, რაც პრობლემა არაა, მაგრამ თუ მისი განცხადების უკან მცდარი მოსაზრებები დგას, მაშინ „ნაცმოძრაობის“ ვალდებულებაა, თავის მეგობარ კუბილიუსს დაელაპარაკოს, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.