სანდრო რაქვიაშვილი - კეზერაშვილი და მერაბიშვილი პოლიტიკოსები ნამდვილად არ არიან, პოლიტიკოსი რომ იყო, ტრიბუნასთან უნდა იდგე და ლაპარაკობდე, რა მიზნები აქვთ, არ ვიცი 
სანდრო რაქვიაშვილი - კეზერაშვილი და მერაბიშვილი პოლიტიკოსები ნამდვილად არ არიან, პოლიტიკოსი რომ იყო, ტრიბუნასთან უნდა იდგე და ლაპარაკობდე, რა მიზნები აქვთ, არ ვიცი 

ცხოვრებაში არც ვანო მერაბიშვილი და არც დავით კეზერაშვილი მინახავს, რომ მათზე რაიმე შთაბეჭდილება მქონდეს. არ მგონია, ისინი პოლიტიკოსები იყვნენ, საჯარო პოლიტიკით არ არიან დაკავებული, შეიძლება, პოლიტიკური მიზნები აქვთ. პოლიტიკოსი რომ იყო, ტრიბუნასთან უნდა იდგე და ლაპარაკობდე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა რეალობა, როცა ადამიანი თავს მაღალი რანგის პოლიტიკოსად თუ მიიჩნევს, თავად არ საუბრობს, არამედ მის პოზიციას სხვები ახმოვანებენ.

„მგონი, დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი რომ იყო, მაშინაც არ ლაპარაკობდა დიდად, მერაბიშვილი – უფრო მეტად, მაგრამ განცხადებებს იშვიათად თუ ეხმაურება. ისინი ამ დროისთვის პოლიტიკოსები ნამდვილად არ არიან, რა მიზნები აქვთ, არ ვიცი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა რეალობა, როცა ადამიანი მაღალი რანგის პოლიტიკოსად თუ მიიჩნევს თავს, თავად არ საუბრობს, მას ჰყავს მოლაპარაკე თავები, რომლებიც გამოდიან და მის პოზიციას ახმოვანებენ. იშვიათია, როცა პოლიტიკური ლიდერები თავიანთ პოზიციას იცავენ. ზოგიერთ პოლიტიკოსს შურს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩრდილშია და სხვა ადამიანებს მართავს. თითქმის ყველა პარტია ასეა აწყობილი და არა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“. ტრადიცია გვაქვს, როცა ცოტა მაღლა ახვალ, შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.