სანდრო რაქვიაშვილი - გასაგები ხდება, რომ არჩევნების „გაყალბების“ ისტორია მოგონილია, მიდის სხვა თამაში, რომლის ავტორები „ნაცები“ არიან, მათმა უშედეგო რევოლუციამ ყველა პარტია დააზიანა
სანდრო რაქვიაშვილი - გასაგები ხდება, რომ არჩევნების „გაყალბების“ ისტორია მოგონილია, მიდის სხვა თამაში, რომლის ავტორები „ნაცები“ არიან, მათმა უშედეგო რევოლუციამ ყველა პარტია დააზიანა

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი „გირჩის“ დაშლისა და 2020 წლის საარჩევნო პერიოდის შესახებ წერს.

როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, „გირჩი“ აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციური მედია მის გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს აბრალებდა.

„კომიკური ის არის, რომ ზურას წასვლის ერთ-ერთი შედეგი „ქოცებთან“ კავშირის გაქრობა იყო. აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციური მედია „ქოცობას“ გვტენის, ხოლო „ქოცებთან“ არც წინასაარჩევნოდ, მით უმეტეს, არც არჩევნების შემდეგ რაიმე სახით არც კი გვილაპარაკია. არადა, ბოიკოტი კულმინაციას უახლოვდება, მალე პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, პარტიები სიების ჩახსნით არიან დაკავებული. ცხადია, რომ ასეთ ოპოზიციასთან ყოფნა შეუძლებელია, და ისიც გასაგებია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. დაახლოებით, ამ პერიოდში პირველად შევხვდებით „ოცნების“ ლიდერებს. იქ გაირკვევა, რომ „მაჟორიტარების დათმობა“ ან რაიმე სხვა დათმობა არც არასდროს განიხილებოდა. ჯერ კიდევ ამ შეხვედრამდე ცნობილი ხდება, რომ ISFED-ი შეცდა (ან „შეცდა“) პარალელურ დათვლაში და დამალა ეს ფაქტი. ირკვევა, რომ არანაირ 3-4%-იან სხვაობაზე საუბარიც კი არ არის. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არჩევნების სტატისტიკური ანალიზი გააკეთა, ვარ მე. ამ კვლევის ზოგადი მონაცემები რაიმე კონკრეტულს არ გვეუბნება, მხოლოდ იმას, რომ შეიძლება, ჩარევას ჰქონდა ადგილი, ან რომ „ოცნებამ“ უბნების ნაწილზე წარმატებულად მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია (რის გამოც, მეტი აქტივობა ოცნების მეტ მხარდაჭერაში გამოიხატა). დამატებით გადავხედე უბნების ყველა იმ 8%-ს, რომელიც ISFED-მა საეჭვოდ ჩათვალა, და გამომივიდა, რომ ყველა ამ უბანზე „ქოცებს“ რომც გაეყალბებინათ შედეგი, ამ გაყალბების სრული გამოსწორების შემთხვევაში, „ოცნება“ ერთ მანდატსაც კი არ კარგავდა.

გასაგები ხდება, რომ „გაყალბების“ ისტორია მოგონილია, და რომ რეალურად სულ სხვა თამაში მიდის, რომლის ავტორები „ნაცები“ არიან, ხოლო სხვა პარტიები ან თავისი უსინდისობის, ან შიშის, ან როგორც ჩვენ შემთხვევაში, არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები კი ამ ბოიკოტს პოლიტიკაში დარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად აღიქვამენ და ამ აქტივობაში „ნაცებზე“ უფრო „ნაცები“ ხდებიან.

თუმცა „გაყალბების იდეა“ მედიამ უკვე ისე ჩატენა ამომრჩევლის ტვინში, რომ უბრალოდ „წავედით პარლამენტში“ ავტომატურად „ქოცობას“ ნიშნავდა, ამიტომ გაჩნდა მიზანი, რომ პარლამენტში ჩვენ სხვა ოპოზიციასთან ერთად შევსულიყავით. „ქოცობის“ შეტენვაზე მომზადებულ „მთავარ არხს“ კი ვახო ხატია დეკანოიძესთან ჩახუტებული ხვდება, რითაც გვარამიას დეზორიენტაციას ვიწვევთ და დროს ვიგებთ, რათა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – წერს სანდრო რაქვიაშვილი.

პარტიის დაშლის მიზეზებზე საუბრისას რაქვიაშვილი ერთ-ერთ ფაქტორად გიგა ბოკერიას კრახს ასახელებს.

„გირჩი“ იდეებზე დაფუძნებული პარტიაა. პრივატიზაცია, არჩევითი მოსამართლეები, განათლების გათავისუფლება და არა „ქოცების გადაყენების დიადი მიზანი“ არის „გირჩის“ დამახასიათებელი. ამიტომ კოალიცია „ქოცებთანაც და ნაცებთანაც“ შესაძლებელია, იმისდა მიხედვით, თუ ვინ უფრო მეტ თავისუფლებაზე დათანხმდება. სანამ პოლიტიკოსები ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, „ქოცების დამარცხების დიადი მიზანი“ ვერასდროს გახდება პარტიისთვის მთავარი. იდეოლოგიასა და პრინციპებზე დაფუძნებული პარტიით არც „ქოცებთან“ თუ „ნაცებთან“ ფულზე ვაჭრობა გამოვა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში რეიტინგით მესამე პარტიის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში მილიონები შეიძლება, ღირდეს.

​გაზაფხულსა და ზაფხულში არავის ეგონა, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდით, ამიტომ პარტიაზე კონტროლის დამყარების მცდელობებიც ნაკლებად აქტიური იყო, არჩევნების შემდეგ კი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო დიდი რესურსის მქონე ადამიანები ჩაერთვნენ ამ საქმეში, ვიდრე ადრე, ამიტომ შედეგიც მალევე გამოჩნდა.
პარტიაზე კონტროლის დასამყარებლად მნიშვნელოვანი იყო, რომ „გირჩის“ ყველა დანარჩენი წევრი უპირობოდ გაჰყოლოდა ზურას ხაზს, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გასაგები გახდება, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მარტივად შეეძლო პრინციპების „დიადი მიზნისთვის“ შეწირვა. აქედან გაჩნდა ვახოსა და იაგოს პარტიიდან გაგდების აუცილებლობა. ზურა წლებია, პარტიის ფრონტმენია, მასზე იხარჯება თითქმის მთელი ადამიანური და ფინანსური რესურსი, ამიტომ ამომრჩევლის თვალში ის არის „გირჩი“. ასე რომ, მე-2 და მე-3 ნომრის პარტიიდან წასვლას პარტია გაუძლებს, ზურა დარჩება მარტო და საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი ბელადის პარტია შეიქმნება, მორიგ პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობისათვის განწირული.

პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა. ამ პროექტს შეიძლება, ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა (ელენე ხოშტარია, რომელიც დიდი ხანია რაც გწმპ-ს, ანუ „ევსაქებს“ ტოვებდა) და ნიკა მელია (რომელსაც ასევე არ ჰქონდა კარგად „ნაცებში“ საქმე). „გირჩის“ ბაზაზე ასეთი გაერთიანება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ჰაერში შექმნილი კოალიცია, მით უმეტეს, რომ ამ პირობებში მათ არც დაფინანსებაზე შეექმნებოდათ პრობლემა (ნიშანდობლივია, რომ ჯაფარას წინასაარჩევნო დაფინანსების დიდი ნაწილი პორტალით არ გადიოდა და არ იყო საჯარო, რაც მიუთითებს, რომ ქართული პოლიტიკისათვის ჩვეული დაფინანსების არხებიც უკვე დამუშავებული იყო). რა თქმა უნდა, კოალიციას თავისი ტელევიზიაც მოემსახურებოდა – „ფორმულა“ – რომელიც თავდაპირველად გწმპ-თვის იყო შექმნილი.

თუმცა, ჩვენი აქტივობის, ჯანსაღების არაკომპეტენტურობის, ზოგადად ოპოზიციის შეცდომებისა და ბევრი სხვა, ზოგჯერ წვრილმანი, ზოგჯერ კი მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, „გირჩი“ „გირჩად“ დარჩა, ზურამ „გირჩი“ დატოვა და „გირჩის“ კლონი პარტია დააარსა, კოალიცია არ შედგა (თუმცა შედგა ერთი წლის შემდეგ, სხვა პირობებში, კომიკური ფორმით და შესაბამისად, კანონზომიერადაც დამარცხდა), ჩვენ კი უკვე დეკემბრის ბოლოს კრიზისის დასრულების ყველაზე ეფექტიანი გზაც ვიპოვეთ – 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების, როგორც ლეგიტიმაციის ტესტისა და რეფერენდუმის გამოყენება. თითქმის მთელი ოპოზიცია პირად საუბარში ამაზე მოგვყვებოდა, საჯაროდ კი ამის გამო, „ქოცობას“ გვტენიდნენ. თუმცა, გავიდა დრო, მელიას დაჭერისა და შარლ მიშელის, დანიელსონისა და ელჩების დახმარებით, ყველა ის ჩვენი იდეა, რომლითაც დეკემბერში მივედით „ნაცებთან“, „ლელოსთან“ და „სტრატეგიასთან“, და რის გამოც, „ქოცებს“ გვეძახდნენ, ყველამ გაიზიარა და ამით დასრულდა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

სანდრო რაქვიაშვილი ასევე წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის“ უშედეგო რევოლუციამ და ხელოვნურად შექმნილმა კრიზისმა ყველა პარტია დააზიანა.

„ქოცებმა გახარია და მასთან ერთად ექვსი დეპუტატი დაკარგეს, მოგვიანებით კი – ათობით ადგილი საკრებულოებში. „ნაცებმა“ დაკარგეს ვაშაძე, რეპუტაცია და ფული, ციხიდან ძლივს გამოიყვანეს მელია და, პოლიტიკური რეალობის არაადეკვატური შეფასების შედეგად, ციხეზე მიშა გაწირეს. ფაქტობრივად, გაქრა „ლელო“, რომლის მილიონები ისე დაიხარჯა, რომ პარლამენტში ახლა მხოლოდ ორი დეპუტატი ჰყავთ. გაქრა „პატრიოტთა ალიანსი“. დაიშალა „რესპუბლიკური პარტია“. გაქრა გწმპ. ვაშაძემაც კი დაკარგა თაკო. მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დარჩნენ შედარებით მყარად, თუმცა, იმდენი, რამდენიც მათ აგინეს, თან სრულიად უსამართლოდ, არავისთვის უგინებიათ.

ჩვენ კი ახლა კლონი პარტია გვყავს (ჩვენ მათ ჯანსაღებს ვეძახით, რადგან დაშლა/გაშლის დროს გამოაცხადეს, რომ „ისინი, ჯანსაღი გირჩი იქნებიან“). კლონი პარტიის პოლიტიკოსები საუბრისას იგივე სიტყვებს იყენებენ, რასაც ჩვენ, ოღონდ საწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად, რათა რაც ოდესღაც ვერ ჩაიგდეს ხელში, ის დაანგრიონ.

ამ კლონ პარტიას, ერთი მხრივ, ისევ პრივატიზაცია და სასამართლოს რეფორმა აინტერესებს, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე დგება, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის სტანდარტულ მიდგომას იყენებენ: „ჯერ ბიძინა დავამარცხოთ, და მერე ვილაპარაკოთ იდეებზე“

კლონი პარტია ჩვენნაირად ატარებს პრაიმერისს, მაგრამ უპრობლემოდ იკიდებს მის შედეგს.

ფორმალურად, არც კლონია ბელადის პარტია, მაგრამ ზურას შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებები არც კი ახსნას, და ისე შეინარჩუნოს მხარდაჭერა, რადგან ჯანსაღების მთავარი ლოზუნგია „რას ფიქრობს ჯაფარა?“

ჯანსაღებიც ამტკიცებენ, რომ საუბარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მთავარი ინსტრუმენტია, ოღონდ თვითონ პირველები არიან, რომლებიც ამ საუბარს გაურბიან.

ჯანსაღები ვითომ პრინციპულები არიან, მაგრამ უფრო იმაზე ფიქრობენ, ეს პრინციპები ზედმეტად არ გამოამჟღავნონ და სუსტი ფსიქიკის მხარდამჭერებს არ აწყენინონ, ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრება შეიძლება, ცუდია, მაგრამ თუ კარგი ადამიანი გთხოვს, მისი დაცვაც მისაღები გახდება, ხოლო ფინანსური პირამიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტიულ პროექტად შეიძლება იქცეს, ოღონდ მოტყუებული მხარდამჭერები არ გაბრაზდნენ და ტყუილში, „ზურა ჯიგარია, მიშა მაგარიას“ ძახილში გაატარონ ცხოვრება.

ამიტომ, ვინც თავისუფლების იდეას გულშემატკივრობს, მისთვის „გირჩი“ მხოლოდ ერთია – ის „გირჩი“, რომელიც იბრძოდა კანაფის ლეგალიზაციისთვის, იცავდა ახალგაზრდებს მონობისგან, ებრძოდა კორონაისტერიას, არ მიყვებოდა ბრმად სხვა პოლიტიკოსებს და „დიადი“ მიზნისთვის პრინციპებზე უარს არ ამბობდა.

ხოლო, თუ ვინმეს ფეხებზე ეკიდა თავისუფლების იდეა და ამ იდეას „იცავდა“ მხოლოდ იმიტომ, რომ ზურა ფიზიკურად მოსწონდა, ვისაც ბელადომანია ხიბლავს, და ვისთვისაც ის არის სიმართლე, რასაც „ჯაფარა იტყვის“, მას ჩვენთან არაფერი აქვს საერთო. „ჯანსაღობა“ თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის შეურაცხყოფაა, რადგან უპრინციპო ბელადომანიას ნიშნავს. ამიტომ შეუძლებელია, ორივე გირჩის მხარეს იყოთ. თუ ასეა, ან „გირჩს“ არ იცნობთ, ან ფარისევლობთ“, – წერს სანდრო რაქვიაშვილი.