ზურაბ ჯაფარიძე - როგორც ჩანს, ენმ-ს „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ხმაურია, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს სოციალურ მედიაში წაკითხულიდან, ასევე მოსმენილიდან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
„ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არ მხოლოდ მიშასი, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ „ალიანსიდან“ გასვლის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. რაც წავიკითხე და მოვისმინე, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. არ მგონია, სწორი ნაბიჯი იყოს. არც ის მგონია, რაც ახლა ხდება, არის სწორი, მათ შორის კომენტარები და ტექსტები. მეორე მხრივ, არ მჯერა მოსაზრების, რომ ეს უფრო დააზიანებს პროცესს და ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდება. ვინც ამას ამბობს, ხალხთან ურთიერთობა არ აქვს. ხალხის ნიჰილიზმი და პესიმიზმი დიდი ხანია, პლინტუსის დონეზეა. ამის იქით ვეღარსად ვერ ჩავარდება. ხალხი ისედაც არის უმძიმეს მდგომარეობაში, არაფერი მაგის ქვემოთ აღარ არის. ქვემოდან არის ასაშენებელი და დასაწყები ყველაფერი. „ალიანსი“ იყო მაგის შანსი ან არის მაგის შანსი, რომ იქიდან დავიწყოთ და რაღაცა დავაშენოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამის წევრი თუ არ იქნება, ვინც იქნება, ისინი დაიწყებენ მშენებლობას. ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი განცდას ტოვებს, როგორც ჩანს, ენმ-ს ოპოზიციის ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, თითქოს ვიღაცები პრეზიდენტ სააკაშვილს ებრძვიან, არაფერი მსგავსი არ ხდება.
„ამბობენ, რომ „ალიანსი“ ფოკუსირებულია პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმაზე. არაფერი მსგავსი არ ხდება. „ალიანსის“ შეხვედრებს მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებიან. ნებისმიერს შეუძლია, თქვას, რა ხდება იმ შეხვედრებზე, არის თუ არა მსგავსი განწყობა, განიხილება თუ არა ასეთი საკითხები. ამბობენ, თითქოს ვიღაცები ებრძვიან პრეზიდენტ სააკაშვილს. არაფერი მსგავსი არ ხდება. რეალური მიზეზი რა არის, არ ვიცი. როგორც ჩანს, გასვლა უნდათ, მაგრამ რატომ უნდათ, არ ვიცი. იტყვიან ალბათ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, თქვენ გექნებათ დარწმუნების მცდელობა, რომ არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „მე არ მექნება არანაირი მცდელობა“.
„მე ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე იმაზე, რომ როდესაც ეს „ალიანსი“ შეიქმნა, იქ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“ ყოფილიყო. კომუნიკაცია მექნება, მცდელობა არა, „ალიანსი“ არ არის იძულებითი, ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და რომელიღაც პარტიას ან პარტიის ლიდერებს თუ არ უნდათ, მათი პარტია იყოს ამ ალიანსის წევრი, მე არ მექნება მცდელობა. მე არ ვიცი, შეიძლება, სხვა პარტიებს ჰქონდეთ მსგავსი მცდელობა, არ ვიცი, მაგრამ, მე არ მექნება. არავის არაფერში დარწმუნებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ როცა „ალიანსი“ იქმნებოდა, მე პირადად მაქვს დახარჯული ბევრი დრო და ენერგია, ისეთი შეთანხმება ყოფილიყო, სადაც ენმ-ც მაგის ნაწილი იქნებოდა. ადამიანებს თუ არ უნდათ, არ უნდათ. საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებთან ერთად მაინც ერთ ბრძოლაში დავრჩებით“, – განაცხად ჯაფარიძემ.