ზურაბ ჯაფარიძე – ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე არ არის ფოკუსირებული
ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებული, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ამერიკას საქართველოში სტრატეგიული ინტერესები აქვს.
„ამერიკელებთან დღეს რაზე უნდა დალაგდე? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. ეჭვი მაქვს, ეს შეხვედრებიც იმავე შედეგით დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე, გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებული, მეორე მხრივ, რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ, ანუ რა არის „ოცნებასთან“ დალაგება?! რა არის ეს დალაგება? ააშენებენ „ტრამპ თაუერს“, მერე? ივანიშვილისთვის დალაგება ის არის, რომ ივანიშვილს უნდა მოუხსნან სანქციები და არავინ მოუხსნის მაგ სანქციებს. რა არის აქ ისეთი, რაც შეიძლება, ტრამპს უნდოდეს, რომ აქ გააკეთოს და ესენი ხელს შეუშლიან და ეტყვიან „არ გაგაკეთებინებ?“ ესენი არიან „ცუციკებივით“ პუტინთან მიმართებითაც. პუტინი კი არა, ირანის ელჩმა დაგვახურა თავზე ყველაფერი სამი დღის განმავლობაში ზედიზედ და პასუხი ვერ გასცეს, იმისი ეშინიათ და ტრამპთან მიმართებით მართლა ვინმეს წარმოუდგენია, რომ ტრამპს აქ რაღაც უნდა, რომ გააკეთოს და ესენი გადაეფარებიან, ვინ ეტყვის: „არა, არ გაგაკეთებინებთო?“ რა არის დასალაგებელი? რას ვერ აკეთებენ? ამერიკას აქ აქვს სტრატეგიული ინტერესები. მათ შორის ის, რომ ანაკლიის პორტი არ მოხვდეს ჩინეთის ხელში, რომ აქ არ იყოს ირანის ინტერესები. ამერიკის ინტერესია, რომ დაკავშირებადობა, რაც არის საქართველოს ფუნქცია, განვითარდეს – ამ ყველაფერს სჭირდება ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი აშშ-ისთვის პრობლემა, ჯაფარიძემ განაცხადა:
„ამ გაგებით არის, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ასეთი აქტიური, ამ რეგიონში მით უმეტეს, არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.