სანდრო რაქვიაშვილი - ერთ-ერთი ბუა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, დანილოვი იყო, მასზე თავად უკრაინაში ამბობენ, ყველაზე კარგი სამსახური აქვს მსოფლიოში, რადგან ფულს უხდიან და არაფერს აკეთებს
სანდრო რაქვიაშვილი - ერთ-ერთი ბუა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, დანილოვი იყო, მასზე თავად უკრაინაში ამბობენ, ყველაზე კარგი სამსახური აქვს მსოფლიოში, რადგან ფულს უხდიან და არაფერს აკეთებს

დანილოვი ისეთ ბუად წარმოადგინეთ, გეგონება, ბაიდენი ჩამოდის და გვეუბნება, ახლა ტანკები დაქოქეთ და მიდით, რუსეთს შეუტიეთო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშსა და 2014 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი საქართველოს ხელისუფლებამ „ბუად“ წარმოაჩინა, თუმცა, მისივე თქმით, თავად უკრაინელი პოლიტიკოსები დანილოვს მოიხსენიებენ ადამიანად, რომელსაც ფულს უხდიან და არაფერს აკეთებს.

„ომი ახსენეთ და გააკრიტიკეთ ოპოზიცია, რომ თურმე ჩვენ აქ რაღაცნაირად მხარს ვუჭერდით რაღაცას. შეიძლება, ჩემს პოზიციას არ გულისხმობდით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში… რაშია საქმე – „ომი გინდას“ კამპანია რომ იყო, ერთ-ერთი მთავარი ბუა, რომელიც თქვენ გამოიყენეთ, იყო დანილოვი. „აი, დანილოვმა ეს თქვა“. რომ შეხედოთ თვითონ უკრაინის პოლიტიკოსები რას ამბობენ დანილოვზე, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგი სამსახური აქვს მსოფლიოში, რადგან ფულს უხდიან და არაფერს აკეთებს. თვითონ უკრაინელი პოლიტიკოსები ასე აფასებენ მის თანამდებობას და მის გავლენებს უკრაინულ პოლიტიკაში. გასაგებია, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, უამრავი პოლიტიკოსია და ვიღაცამ რაღაც თქვა. თქვენ ისეთ ბუად წარმოადგინეთ, გეგონება, ბაიდენი ჩამოდის და გვეუბნება, ახლა ტანკები დაქოქეთ და მიდით, რუსეთს შეუტიეთო. არაფერი მსგავსი ხომ არ მომხდარა. სინამდვილეში, იქამდე მიდის, რომ, აგერ, ბორელი გვეუბნება, არასდროს აღგვიქვამს სერიოზულად ეს განცხადებებიო. ხომ რაღაცნაირად უხერხული უნდა იყოს, როდესაც თქვენ არცერთი მტკიცებულება არ დაგიდიათ, მაგრამ ასეთი მეორეხარისხოვანი პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებების მეშვეობით ააწყვეთ რაღაც ასეთი ვირტუალური საფრთხე, რომლისაც ბევრ ჩვენს მოქალაქეს შეეშინდა ლეგიტიმურად“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაცვის კოდექსის განხილვიდან ცხადი გახდა, რომ ქვეყანა მტრის წინაშე დაუცველია.

„მაგრამ, იცით, რაშია საქმე? მე კიდევ უფრო მეტად მეშინია, ვიდრე, შეიძლება, ჩვენს რიგით მოქალაქეს, რადგან, მაგალითად, თქვენ რომ ამბობდით, რომ ჩვენ დისკუსიებში არ ვიღებდით მონაწილეობას, თავდაცვის კოდექსი რომ ცხრა თვე განიხილებოდა, ხომ ჩვენი პარტიის დამსახურება იყო. ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო, ის ხომ მარტში მიღებული იქნებოდა. რა გავიგეთ მთავარი თავდაცვის კოდექსიდან, გარდა იმისა, რომ რაღაც რეგლამენტი დავარღვიეთ და, ფაქტობრივად, წესიერ განხილვაზე უარი ვთქვით. მთავარი გავიგეთ ის, რომ ჩვენ სრულიად დაუცველები ვართ მტრის წინაშე, რომ თავდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის ბინების მშენებლობა და არა – იარაღის ყიდვა. ეს მარტივად ვლინდება, რადგან ბინების მშენებლობა კანონში ვალდებულებად უწერია და იარაღის შესყიდვა ვალდებულებად არ უწერია. რომ ნახოთ, რაზე უფრო მეტი ფული იხარჯება, ბინების მშენებლობაზე უფრო მეტი ფული იხარჯება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.