სანდრო რაქვიაშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სრულიად მიუღებელია, არასწორია, ეჭვი მეპარება, ეს ვენეციის კომისიას მოეწონოს
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სრულიად მიუღებელია, არასწორია და ეჭვი მეპარება, ეს ვენეციის კომისიას მოეწონოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი პოზიცია ვენეციის კომისიაზე არ არის მიბმული. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კონსენსუსისთვის. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობაში იყო ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგვწონდა, მაგრამ მაინც დავუჭირეთ მხარი, თუმცა არის ისეთი რაღაცები, რასაც არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უბრალოდ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ ასე თქვა თუ ისე. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ ამაზე, ევროპელებსაც ველაპარაკეთ, „ქართულ ოცნებასაც“ და ჩვენ კოლეგებსაც ოპოზიციიდან, რომ რაღაც სხვა გამოსავალი გვეპოვა. ამიტომ, ახლა თუ ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა ამ კანონს, ჩვენ ამით პოზიციას არ შევცვლით, მაგრამ, ზოგადად, ალბათ ეს იქნება უკეთესი, ვიდრე უარყოფითი დასკვნა ან ამ დასკვნის გარეშე ამ კანონის მიღება. ჩემი აზრით, მაშინ გაიზრდება შანსი და, სულ მცირე, ჩაგვეთვლება მაინც ამ პუნქტის შესრულება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვლება პოლიტიკურ ველზე იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მოდელი საქართველოში კანონის ძალას მიიღებს, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქნება კანონი გამოყენებული.
„მაგალითად, ჩვენს პარტიებს აკრძალული აქვთ, წელიწადში 30 მილიონზე მეტი დახარჯონ, მაგრამ არსებობს, სულ მცირე, ორი პარტია, რომლებსაც თავიანთი პარტიული ტელევიზიები აქვთ, მარტო ტელევიზიებზე იხარჯება ათობით მილიონი, არათუ პარტიულ ინფრასტრუქტურაზე და, რა თქმა უნდა, ამას არავინ აკონტროლებს. თეორიულად, მთავრობას აქვს უფლება, რომ ეს გააკონტროლოს და დასაჯოს პარტიები. იგივე იქნება აქაც. პირობითად, კეზერაშვილს თუ შეეხება ეს კანონი, მას შეუძლია, თავისი ტელევიზია „ფორმულა“ სხვა ადამიანზე გადააფორმოს და ამით გამოვიდეს კანონის მოქმედებიდან. მას არანაირი პრობლემა არ ექნება, ასცდეს ამ რეგულაციას, მაგრამ მთავრობას, რა თქმა უნდა, დარჩება ბერკეტი, რომ რაღაც მოიმოქმედოს, შეზღუდოს რაღაც ურთიერთობა ამა თუ იმ ადამიანთან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოიყენებს თუ არა მთავრობა მის ხელთ არსებულ ბერკეტებს.
„ზოგადად, ჩვენი მთავრობა ახლა იმით გამოირჩევა, რომ ბერკეტი ბევრი აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა სადამსჯელო ბერკეტს არ იყენებს, თუნდაც სასამართლოში ან პროკურატურაში და თუ იმავე პრინციპით მიუდგება, შეიძლება, ვერც კი ვიგრძნოთ ამ კანონის არსებობა, თუმცა, რა თქმა უნდა, პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს რიგ ევროპარლამენტართა კრიტიკულ გზავნილებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ გავლენას განიცდის, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ცალკეულ ასეთი ტიპის განცხადებას დიდ ყურადღებას არ მიანიჭებდა.
„თუნდაც ევროპარლამენტში 700-მდე დეპუტატია და იქ ნებისმიერი პოზიცია შეიძლება, ვიპოვოთ, თუნდაც პუტინისტური, და ამიტომ, რომელიღაც დეპუტატს თუ ასეთი პოზიცია აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ინსტიტუცია ასე ფიქრობს. მაგალითად, რეზოლუციებს მეტ ყურადღებას მივაქცევდი ან ევროკომისიის პოზიციას. მეორე მხრივ, ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.