სანდრო გეგეჭკორი დღეს ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალში დაუკრავს
14 ივლისს 20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალში დაუკრავს.
კონკურსის ფინალი კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) გაიმართება.
ახალგაზრდა ქართველი პიანისტი კატალონიურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.
„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.
„ამ კონკურსში გამარჯვება ნიშნავს, რომ მომენტალურად საერთაშორიო მასშტაბის პიანისტი ხდები“, – განუცხადა სანდრო გეგეჭკორმა საქართველოს რადიოს დილის პროგრამაში „პიკის საათი“.
შეგახსენებთ, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი“ 1954 წელს ბარსელონაში დაარსდა და წელს რიგით 66-ე სეზონს ატარებს. 1958 წლიდან კონკურსი ჟენევის უმსხვილესი ორგანიზაციის „მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის“ პირველ ათეულში მოხვდა და დღემდე ინარჩუნებს პოზიციას.