ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება

ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეშვიდედ გამართავს.

ფესტივალი პირველ სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება.

შესრულდება სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. საფესტივალო ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.

ქართველი პიანისტის, იუნესკო-ს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. ფესტივალი 10 სექტემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ მასტერკლასებში, გამორჩეულები კი, როგორც წინა წლებში, მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებსა და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, მუსიკალური არტ-ბანაკი ჩატარდება.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც მოიპოვა იუნესკო-ს მაღალი პატრონაჟი. უცხოური მედია ფესტივალს მსოფლიოში ქართული კულტურის ფანჯარას უწოდებს.

დატოვე კომენტარი