სანდრო ბრეგაძე - ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ფილმის ჩვენებას
კინოთეატრ „ამირანის“ წინ შეიქმნება სირცხვილის კორიდორი, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმის ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას, – ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს 16:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება „ქართული მარშის“ საპროტესტო აქცია.
„ამ ფილმის ჩვენება არ მოხდება. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მისივე განმარტებით, „ქართული მარშს“ სრული მობილიზება აქვს საქართველოს მასშტაბით. სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან დაძრულია ხალხი.
„ვიქნებით ძალიან ბევრი. არც საპატრულო პოლიციას და არცერთ სხვა უწყებას არ აქვთ უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალონ გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან არ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქმნელებზე – ეს არის გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება მოვიდეს და გარკვეული ძალადობრივი ქმედება ჩაიდინოს. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ დაიდგმება პერფორმანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორე მამაკაცი ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგანდა იყოს საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ვიქნებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმის მესვეურებს. მცირე ჯგუფი წავა სხვადასხვა კინოთეატრებში და ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.