სანდრა კალნიეტე - 2008 წლის ომი ევროპისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, რომელიც ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო
სანდრა კალნიეტე - 2008 წლის ომი ევროპისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, რომელიც ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო

2008 წლის ომი იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ევროპისთვის და ეს სიგნალი ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებთან, აგრესიასთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.

„2008 წლის ომის დროს მე ვიყავი საქართველოში. ჩემი თვალით ვნახე თბილისის საჯარო სკოლები, რომლებიც დევნილთა თავშესაფრად გადაიქცა. მე ვესაუბრე იძულებით გადაადგილებულ პირებს, მოვინახულე დაჭრილები, შევხვდი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აღწერდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას.

მე ვესაუბრე გორში ადგილობრივებს, რომლებიც დაჭრილ ახლობლებზე დაუსრულებლად საუბრობდნენ. ეს ჩემი მოგონებებია 2008 წლის ომზე. სამრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღემდე ოკუპირებულია და დევნილები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

2008 წლის ომი იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ევროპისთვის და ეს სიგნალი ევროპამ სათანადოდ ვერ გაიგო. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებთან, აგრესიასთან გამკლავებაში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და ჰიბრიდული ომი დასავლეთის წინააღმდეგ – ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს“, – განაცხადა სანდრა კალნიეტემ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები იმართება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.