კლერ მუდი - ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მავთულხლართებს მიღმა მყოფ ადამიანებს, რათა უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან
კლერ მუდი - ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მავთულხლართებს მიღმა მყოფ ადამიანებს, რათა უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან

ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მავთულხლართებს მიღმა მყოფ ადამიანებს, რომ მათ უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ მუდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რეჟიმი ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს და კონსტრუქციულ მონიტორინგის მისიას, ევროსაბჭოს, გაერო-ს და ეუთო-ს მონიტორებს.

რუსეთი კვლავაც აგრძელებს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაციას. საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ხდება საქართველოს მოქალაქეების დაკავება და გატაცება .ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამ კონფლიქტის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მხარს ვუჭერთ ჩვენი ქართველი კოლეგების სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ვფიქრობ, 10-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მავთულხლართებს მიღმა მყოფ ადამიანებს, რომ მათ უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან“, – განაცხადა კლერ მუდმა.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები იმართება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.