„სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ წარმომადგენელი სერგო რუხაძე - გვინდა, სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად
ჩვენ გვინდა სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად, – ამის შესახებ „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ წარმომადგენელმა, სერგო რუხაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილეს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ფონი და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მთავრობა ერთის მხრივ, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.
„დღეს იყო შეხვედრა მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. საკითხი შეეხებოდა Covid-19-ს. ვიცით, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იმატებს და მთავრობის ერთი საფიქრალი არის ის, რომ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმებზე დავიდეს და ამავდროულად, ინფიცირების ზრდამ ცუდად არ იმოქმედოს ბიზნესზე. ჩვენ ბიზნესი და მთავრობა ერთიანად ვფიქრობთ, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ დააზიანებს რეგულაციების ფონს და არ დააზიანებს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური შენელება არ იქნება. ალბათ, მომდევნო კვირაში კიდევ იქნება შეხვედრა და ჩვენ გვინდა, სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად,“- განაცხადა „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ წარმომადგენელმა.