ასტრონომებმა სამყაროს გაფართოების კვლევის ყველაზე ზუსტი მაჩვენებლები წარმოადგინეს — კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ეს პროცესი კვლავ ჩქარდება.
თუმცა, მზარდი სიჩქარე სულაც არაა შოკისმომგვრელი, რადგან ამ მაჩვენებელს დიდი ხანია ისედაც ვვარაუდობდით. ახალი კვლევა 5 000-დან ერთამდე ამცირებს შემთხვევითობის შანსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის ასახსნელად რაღაც ახალი, ჭკვიანური იდეებია საჭირო.
NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებული 6-წლიანი კვლევის შემდეგ, ასტრონომებმა სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი ისე გამოთვალეს, რომ უზუსტობის შანსი მხოლოდ 2,3 პროცენტია.
ვიცით, რომ კოსმოსი ფართოვდება. ამ პროცესის უკან, რა თქმა უნდა, დგას ციფრი, რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება. იგი მოცემულია კმ/წმ/მეგაპარსეკის მაჩვენებლით.
ხელსაწყოები, რომლებსაც ამ ციფრების დასადგენად ვიყენებთ, ოდნავ განსხვავებულ პასუხებს იძლევა. უმეტესი მათგანის მიხედვით, სამყარო ფართოვდება 70 კმ/წმ/მეგაპარსეკი სისწრაფით.
თუმცა, ერთ-ერთმა ხელსაწყომ მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები დადო. პლანკის მისიამ ანალიზები ჩაუტარა 13,8 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილ ექოს, იგივე კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს, რომელიც დღემდე ჭავლებად დაჰქრის კოსმოსში. მისი შედეგების მიხედვით, გაფართოების მაჩვენებელია 67,8 კმ/წმ/მეგაპარსეკი.
სხვაობა არც თუ ისე დიდი ჩანს, მაგრამ საკმარისია, რათა ასტრონომები შეაცბუნოს.
„სამეცნიერო საზოგადოება ამ სხვაობის მნიშვნელობის გასარკვევად აქტიურად იბრძვის“, — ამბობს ბოლო კვლევის ავტორი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერების ინსტიტუტის (STScI) მკვლევარი ადამ რაისი.
1990-იან წლებში, ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ბრაიან შმიდტმა და ნიკოლას სანცეფმა დაასკვნეს, რომ სამყაროს გაფართოება თანდათან დასასრულისკენ მიემართება, ნელდება.
მათ დაეთანხმა ჰაბლისა და პლანკის მისიებიც. ადასტურებდნენ, რომ სამყარო ახლა გაცილებით ნელა ფართოვდება, ვიდრე შორეულ წარსულში.
თუმცა, ფიზიკოსებს და ასტრონომებს ძალიან არ უყვართ ვარაუდებზე დაყრდნობა. შესაბამისად, ახალი გზების ძიება დაიწყეს ამ ციფრების კიდევ უფრო დასაზუსტებლად და იმედით, რომ აღმოაჩენდნენ რაღაც ისეთს, რაც გამოგვრჩა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, რაისის ჯგუფმა მონაცემები შეაგროვა კოსმოსური ობიექტების შესახებ, რომლებსაც ცეფეიდ ცვალებად ვარსკვლავებს უწოდებენ.
სუპერნოვებიდან მომდინარე სინათლის მსგავსად, მიჩნეულია, რომ ცეფეიდების შუქი საკმაოდ საიმედო და სოლიდური გალაქტიკური საზომია — შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკრთალი ვარსკვლავების სიმკრთალის მიზეზი მათი შორს ყოფნაა და არა ნაკლები სიკაშკაშე.
კვლევის ავტორებმა, პირველ რიგში, შეისწავლეს ჩვენს გალაქტიკაში არსებული ცეფეიდები, რათა დაეხვეწათ თანაფარდობა ხილულ სიკაშკაშესა (ვარსკვლავიერი სიდიდე) და მანძილს შორის.
არსებული მონაცემები ეყრდნობოდა დედამიწიდან 300-1600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ცეფეიდებს.
ჯგუფი ხვდებოდა, რომ კვლევის უფრო დიდი სიზუსტით ჩატარება შეეძლო. შესაბამისად, ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს საკუთარი ლიმიტების გადაჭარბება და ჩვენგან 6000-12000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ცეფეიდების შესახებ მონაცემების შეგროვება აიძულეს.
ზუსტი მანძილის განსასაზღვრად, მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის კვალდაკვალ, მკვლევრები აკვირდებოდნენ ცეფეიდების პოზიციების ცვლილებას. ეს გახლავთ პარალაქსის მეთოდი. მისი მოქმედების შესახებ გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად, წარმოიდგინეთ, გამოთვალოთ მანძილი 150 კმ მანძილით დაშორებულ ქვიშის მარცვლამდე.
ამის მისაღწევად, ექვსი წლის განმავლობაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ასტრონომები თითოეული ვარსკვლავის პოზიციას წუთში რამდენიმე ათასჯერ ზომავდნენ.
„ჩვენი ამოცანა იყო გაგვეზომა მანძილი ორ ვარსკვლავს შორის, თანაც არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ათასზე მეტჯერ, რათა მაქსიმალურად გამოგვერიცხა შეცდომები“, — ამბობს რაისი.
ცეფეიდი ვარსკვლავების შესახებ არსებული უკეთესი მონაცემებით შეიარაღებული მკვლევრები ამ ობიექტებს უკვე შორეულ გალაქტიკებშიც ეძებდნენ და შედეგად, მიიღეს ციფრი 73,45 ± 1,66 კმ/წმ/მეგაპარსეკი, რითაც ეჭვის შეტანის მაჩვენებელი რეკორდულ, 2,3%-მდე შეამცირეს.
რაისი გეგმავს მონაცემების შეგროვებას სხვა 50 ცეფეიდი ვარსკვლავის შესახებაც, რითაც მაჩვენებლებს კიდევ უფრო დააზუსტებს.
ამ ყველაფრის შემდეგ, ნაკლებ სავარაუდო ხდება, რომ სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ჩატარებულ გაზომვებში არსებული სხვაობები შემთხვევითია. აშკარად რაღაც სხვა ხდება.
არის თუ არა ეს ბნელი ენერგიის სახელით ცნობილი იდუმალებით მოცული ძალა? ან იმის მტკიცებულება, რომ საჭიროა აზრი შევიცვალოთ სამყაროს ფორმების შესახებ? ან იქნებ საქმე გვაქვს ბნელი რადიაციის სახელით ცნობილ ფიზიკის უცნაურ ფორმასთან?
ფსონების დადება დაწყებულია. როგორც ჩანს, ფიზიკა თანდათან კიდევ უფრო იდუმალი გახდება.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით