სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის განხორციელებას იწყებს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად 51–მდე პროფესიაში გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ 44 როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების ნებისმიერ ოფისში შეუძლიათ. რეგისტრაცია დღეს სრულდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ბეზარაშვილის განცხადებით, მოქალაქეების მხრიდან პროექტით დაინტერესება და მაღალი აქტივობა გამოიკვეთა.
„სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, მოკლევადიან მომზადება- გადამზადებას, რომელიც წელს ორ ეტაპად ჩატარდება. დავიწყეთ წელს პირველი ეტაპის რეგისტრაცია, რომელიც დღეს დასრულდება. ბოლო დღეა, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა იჩქარონ, ვინაიდან ძალიან დიდი აქტივობა გამოიკვეთა მოსახლეობის მხრიდან შრომის ბაზრის 51 მოთხოვნად პროფესიაში. პროექტში საქართველოს მასშტაბით 44 პროფსასწავლებელია ჩართული, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო. პროექტი ემსახურება მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას, უნარ-ჩვეევების შეძენას, ახალი პროფესიების ათვისებას, რაც შემდგომში გვეხმარება მათი დასაქმების ხელშეწყობის საქმეში. გასული წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ საკმაოდ მაღალ შედეგზე ორიენტირებული პროგრამაა. ასევე, გვექნება მეორე ეტაპი სექტემბერში. რეგისტრაცია ხდება სოციალური სააგენტოს ოფისებში მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.